სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბუნებრივი კატასტროფების აუდიტების შედეგები EUROSAI-ს სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო  25 აპრილი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წყალდიდობებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის პრაქტიკები ევროპის ქვეყნებს გაუზიარა. 

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, EUROSAI-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ფრიდონ შენგელიამ და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ხითარიშვილმა, ევროპის აუდიტორთა საბჭოს, ალბანეთის, იტალიის, სერბეთის, უკრაინის, მოლდოვის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ესტონეთის და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩატარებული აუდიტის ფარგლებში გამოკვეთილი გამოწვევები, მიგნებები, რეკომენდაციები და მათი შესრულების შედეგები გააცნეს. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მხრიდან უბედური შემთხვევებისა და კატასტროფებისათვის გამოყოფილი სახსრების აუდიტების გამოცდილების გაზიარება. 

სამუშაო შეხვედრა და სემინარი პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული უწყების ორგანიზებით და უკრაინის სააღრიცხვო პალატის ხელმძღვანელობით გაიმართა.  

სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჯგუფის წევრებმა მოინახულეს ვარშავის ერთ-ერთი სახანძრო ქვედანაყოფი, სადაც გაეცნენ საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელ აღჭურვილობას და გადაუდებელ სიტუაციაში ქვედანაყოფის მოქმედების პროტოკოლს. ასევე, უკრაინის წარმომადგენლისგან მოისმინეს ინფორმაცია კატასტროფების პრევენციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით თანამედროვეობის ძირითადი გამოწვევების შესახებ.