სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ევროკავშირთან ასოცირების თემატური ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 13 დეკემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში. 

შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ ქვეკომიტეტის წარმომადგენლებს გააცნო ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა: საფინანსო-ეკონომიკურ სექტორში რეფორმების მიმდინარეობა, ფინანსური მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მდგომარეობა; ასევე 2023 წლიდან განსახორციელებელი ღონისძიებების პრიორიტეტები, მათ შორის საჯარო ფინანსების მართვის კუთხით. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქვეკომიტეტის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების, ასევე 2022 წელს ჩატარებული უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩოს - SAI PMF შედეგების შესახებ.

ქვეკომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ, რომლის საფუძველზე მომზადდება შესაბამისი დასკვნა. 

ქვეკომიტეტის სამუშაო შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წარმომადგენლები.