სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა INTOSAI IDI-ის მიერ განხორციელებული SAI-PMF-ის ანგარიში გამოაქვეყნა  21 ოქტომბერი, 2022

უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ინიციატივამ (INTOSAI IDI) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასების SAI-PMF-ის შედეგები ოფიციალურად დაადასტურა. 

მაქსიმალურად ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების უზრუნველყოფისათვის, SAI-PMF-ის შედეგების ხარისხის კონტროლსა და დამოწმებას დამატებით ახორციელებს დამოუკიდებელი შემფასებელი – INTOSAI IDI, რომელიც უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო პროფესიულ ორგანოს წარმოადგენს.

SAI-PMF-ის ინდიკატორებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება (2018-2022 წწ) მაქსიმალური 4 ქულიდან 3.4 ქულით შეფასდა. ამ შედეგით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების შეფასებას გაუთანაბრდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობის შეფასება SAI-PMF მეთოდოლოგიით პირველად 2017 წელს განახორციელა. მიღებულმა საშუალო მაჩვენებელმა 2.2 ქულა (მაქსიმალური 4 ქულიდან) შეადგინა და ნათლად წარმოაჩინა ინსტიტუციის წინაშე იმ დროისათვის არსებული გამოწვევები. ამ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა სამსახურის 2018-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებში გაიწერა გასატარებელი რეფორმები და ღონისძიებები. 2018-2022 წლებში აუდიტის სამსახური მიზანმიმართულად მუშაობდა SAI-PMF-ის შედეგად გამოვლენილი ორგანიზაციული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სამსახურმა მიაღწია სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა მიზნობრივ ნიშნულს.

2022 წელს ჩატარებული განმეორებითი SAI-PMF შეფასების შედეგები აჩვენებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მნიშვნელოვან პროგრესს ორგანიზაციული განვითარების ყველა მიმართულებით. კერძოდ: 
• აუდიტის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სისტემები – შეფასება გაიზარდა 2 ქულიდან 4-მდე; 
• ფინანსური აუდიტის შედეგები – შეფასება გაიზარდა 3 ქულიდან 4-მდე; 
• ფინანსური აუდიტის პროცესი – შეფასება გაიზარდა 1 ქულიდან 3-მდე; 
• ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია – შეფასება გაიზარდა 3 ქულიდან 4-მდე; 
• ეფექტიანობის აუდიტის შედეგები – შეფასება გაიზარდა 2 ქულიდან 3-მდე; 
• შესაბამისობის აუდიტის პროცესი – შეფასება გაიზარდა 1 ქულიდან 3-მდე; 
• შესაბამისობის აუდიტის მეთოდოლოგია – შეფასება გაიზარდა 2 ქულიდან 3-მდე; 
• შესაბამისობის აუდიტის შედეგები – შეფასება გაიზარდა 2 ქულიდან 3-მდე; 
• ორგანიზაციული კონტროლისა და ეთიკური გარემო – შეფასება გაიზარდა 1 ქულიდან 4-მდე; 
• სამსახურის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის პრაქტიკა – შეფასება გაიზარდა 3 ქულიდან 4-მდე; 
• სამსახურის აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის პრაქტიკა – შეფასება გაიზარდა 2 ქულიდან 3-მდე; 
• ფინანსური მენეჯმენტი, აქტივები და დამხმარე სერვისები – შეფასება გაიზარდა 3 ქულიდან 4-მდე; 
• ადამიანური რესურსების მართვა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება – შეფასება გაიზარდა 2 ქულიდან 4-მდე; 
• მენეჯმენტი და შიდა კომუნიკაცია – შეფასება გაიზარდა 3 ქულიდან 4-მდე; 
• კომუნიკაცია ძირითად პარტნიორებთან (პარლამენტი, მთავრობა, სამართალდამცავი ორგანოები) – შეფასება გაიზარდა 2 ქულიდან 4-მდე; 
• კომუნიკაცია ძირითად პარტნიორებთან (მედია და სამოქალაქო საზოგადოება) – შეფასება გაიზარდა 3 ქულიდან 4-მდე.
უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის (SAI-PMF) შეფასება ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) SIGMA-ს პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ SAI-PMF-ის ანგარიში: Performance of the State Audit Office of Georgia