სახელმწიფო აუდიტის სამსახური განაგრძობს თანამშრომლობას ინდოეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე IT აუდიტის მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები განიხილეს. ინდოეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან არსებულ ქვეუწყებას- „ინფორმაციული სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრს“ (iCISA) საერთაშორისო ტრენინგპროგრამების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს. დაიგეგმა ტრენინგკურსები IT აუდიტორებისთვის, სადაც ისინი საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ,თანამედროვე ტექნიკებში ცოდნას გაიღრმავებენ.
IT აუდიტის ტრენინგკურსის შემდეგ ჩატარდება დამატებითი, ონლაინ სასწავლო შეხვედრები ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის- IT აუდიტის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის უახლესი ხელსაწყოების შესწავლის მიზნით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მზადყოფნა გამოთქვა, ინდოეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებას გაუზიაროს თავისი გამოცდილება და მექანიზმები ეფექტიანობის აუდიტების ხარისხის კონტროლის პროცესში.
შეხვედრას ინდოეთის მხრიდან ესწრებოდნენ: ჯანგირბადშა ინამადარი - Icisa-ს მთავარი დირექტორი, ვიკაშ კუმარი - iCISA-ს დირექტორი, ამიტაბჰ პრასადი - ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული უწყების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან კი ალექსანდრე გოგოლაშვილი - აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გიორგი ალასანია, უფროსი აუდიტორი გიორგი როსტიაშვილი და ქეთევან გიგილაშვილი - საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის ანალიტიკოსი.
