სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-თან თანამშრომლობას ორი პროგრამის მიმართულებით აგრძელებს  19 აპრილი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე პროექტების მდგომარეობა შეაფასეს და განვითარების შემდგომი ეტაპები განიხილეს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან „საჯარო მმართველობის“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის“ პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობს. 

USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობა მოიცავს შესაძლებლობების განვითარებას, რომელიც ინსტიტუციას აუდიტორების პროფესიულ დახელოვნებაში, ახალი პროდუქტების დანერგვასა და განვითარებაში უწევს მხარდაჭერას. 

კერძოდ, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა თანამშრომლობა აშშ-ის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან (GAO), რომლის მხარდაჭერით სამსახურმა ეფექტიანობის აუდიტში Equity-ის მიდგომის და გაცემული რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვა დაიწყო. 

ასევე, GAO-ს აუდიტის დახელოვნების ცენტრი (CAE) უწყვეტი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის აუდიტორებისთვის პროფესიული დახელოვნების ტრენინგებს ატარებს. GAO-ს ვაშინგტონის ოფისში, ყოველწლიურად პროფესიული დახელოვნების პროგრამას გადიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შერჩეული აუდიტორები.  

საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სამსახურში მიმდინარეობს IT აუდიტის გაძლიერება და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, რაც მოიცავს როგორც ექსპერტულ, ასევე აუდიტორთა შესაძლებლობების განვითარებას. 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში კი ხორციელდება პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისთვის“, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება. 

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განიხილება მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების ძირითადი შედეგები და გაცემული რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესი და ელექტრონული სისტემის პრაქტიკაში გამოყენების საკითხები, ასევე საკრებულოს და მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის როლის გაძლიერება საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში.

პროექტების ეტაპების განვითარებისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

შეხვედრაში USAID-ის მხრიდან მონაწილეობდნენ ჯონ ზანი - USAID-ის რეგიონული კონტროლიორი; კორინ როთბლუმი - USAID/კავკასიის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და ლინა პანტელეევა - დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის მმართველობის სპეციალისტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კი გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი, სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე.