სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და პოტენციური ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის წევრი, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის აუდიტთან დაკავშირებულ ახალ საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩაერთო.
ასამბლეის ფარგლებში შექმნილი აუდიტორული საქმიანობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის (JWGAA) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მონტენეგროში, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების აუდიტორების მონაწილეობით.
სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაცია, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მხარდაჭერას უწევს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტის, ხარისხის მართვის და კომუნიკაციების მიმართულებით.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილე ქვეყნების აუდიტის სამსახურების გამოცდილების, მიდგომების, გამოწვევების და სპეციფიკური საკითხების გაზიარება თავდაცვის სექტორის ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან მიმართებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეგებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებული პრაქტიკები გაუზიარეს.
შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი და აუდიტორები ნათია ტეფნაძე და ილია კოჟორიძე წარმოადგენდნენ.

