სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური IDI-ის პარტნიორ ორგანიზაციებს (SAI) გამოცდილებას უზიარებს 22 აპრილი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს INTOSAI/IDI-ის პროექტის „უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გლობალური ინიციატივა“ (GSAI) მონაწილე უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს, რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სურთ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც INTOSAI/EUROSAI სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების აქტიური წევრი და ინსტიტუციური განვითარების კარგი პრაქტიკის მაგალითი, უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს განვითარებაში დაეხმარება. 

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ, IDI-ის მიწვევით, ტაჯიკეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას გააცნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დანერგილი სტანდარტები და აუდიტორული პრაქტიკები. კერძოდ, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეგებს წარუდგინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების პროცესი, სტრატეგიული მიმართულებები და გაუზიარეს გამოცდილება შემდეგ საკითხებზე: აუდიტის გეგმის შედგენის რისკზე დაფუძნებული მიდგომა; ეფექტიანობის აუდიტი და მისი განხორციელება პრაქტიკაში; აუდიტის ელექტრონული მართვის სისტემაში (AMS) მუშაობის ტექნიკა; პარლამენტთან კომუნიკაცია და აუდიტის ანგარიშების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში; აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის პროცესი და ელექტრონული პლატფორმა ARIS.

ტაჯიკეთის უმაღლესი აუდიტორული უწყების მხრიდან სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე, საბჭოს წევრები, აუდიტორული დეპარტამენტების ხელმძღვანელები და აუდიტორები. ტრენინგებს მოდერაციას უწევდნენ  IDI-ს წარმომადგენლები. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე, ტაჯიკეთის აუდიტორულ ორგანიზაციას მენტორობას მათ მიერ შერჩეულ საკითხებსა და გამოწვევებზე გაუწევს.