საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, სერბეთის, თურქეთის, მოლდოვის და აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში.
სამუშაო ჯგუფი, უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, უბედური შემთხვევების და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მთავრობების მზადყოფნის, პრევენციისა და მისი შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მიდგომებს და არსებულ პრაქტიკებს განიხილავდა.
აუდიტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების სპეციფიკაციები და გამოცდილებები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა კოლეგებს ,,ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) აუდიტის’’ ფარგლებში გამოკვეთილი მთავარი გამოწვევები, მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს.
მცირე სამუშაო ჯგუფების ფორმატში გაიმართა ასევე სემინარი, სადაც ჯგუფებმა პრაქტიკულ მაგალითებთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის და მიდგომების პრეზენტაციები გააკეთეს.
სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, მომზადდება უბედური შემთხვევების და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მთავრობების მზადყოფნის, პრევენციისა და მისი შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ერთობლივი საერთაშორისო აუდიტის ანგარიში, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტყის ხანძრების ეფექტიანობის აუდიტით შეუერთდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამუშაო ჯგუფში თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ფრიდონ შენგელია და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი წარმოადგენდნენ.

