სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების აუდიტორულ ასამბლეას შეუერთდა  09 იანვარი, 2024

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული უწყებების ასამბლეის წევრი გახდა.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაცია გაერთიანებაში მოლდოვის საანგარიშო პალატის მიწვევით გაწევრიანდა, რომელიც მიმდინარე პერიოდში ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ქსელის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ამ ეტაპზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ქსელის წევრები არიან საქართველოს, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მონტენეგროს, მოლდოვის, მაკედონიის, ალბანეთის, სერბეთის, თურქეთის, უკრაინის, კოსოვოს (დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით) აუდიტის სამსახურები.

ასამბლეის მიზანია ევროპის აუდიტორთა სასამართლოსთან ერთად ხელი შეუწყოს კანდიდატი ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს ევროკავშირის წევრობის მიღწევაში, აუდიტორულ საქმიანობაში პროფესიული ცოდნის და გამოცდილების გაცვლის, ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ფინანსური მენეჯმენტის და კარგი მმართველობის გაუმჯობესების გზით.