სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აშშ-ს უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან (GAO) თანამშრომლობას აფართოებს 05 დეკემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) თანამშრომლობას აფართოებს.

თანამშრომლობის სფეროების განხილვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) დელეგაცია ეწვია.

აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) თანამშრომლობით მიმდინარე პროექტი, რომელიც  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართულ შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) დირექტორს ქეთრინ სიგერუდს,  ცენტრის წარმომადგენელს სტივენ ლორდს და USAID-ის რეგიონულ კონტროლიორს ჯონ ზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) ექსპერტების ჩართულობით რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკა სამ ეფექტიანობის აუდიტში გამოიყენა. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის შესრულებული რეკომენდაციებით მიღებული გავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვის, შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნის, ხარისხის მართვის, ეთიკის გაუმჯობესების მიმართულებებში. 

აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე, დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე და USAID-ის ფინანსური ანალიტიკოსი ალექსანდრე ნასიძე.