სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების აუდიტორების პროფესიული განათლების პროგრამის (PESA) საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღეს 05 ნოემბერი, 2025

გენერალური აუდიტორის მოადგილეები სოფიო დვალიშვილი და გიორგი ბადაშვილი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების აუდიტორების პროფესიული განათლების პროგრამის (PESA) პროექტში მონაწილე აუდიტორებს შეხვდნენ, გამოცდის წარმატებით ჩაბარება მიულოცეს და კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცეს. 

2025 წელს, PESA-ს პროფესიული დახელოვნების კურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ათმა თანამშრომელმა გაიარა. სერტიფიკატები აუდიტორებმა სხვადასხვა სასწავლო მიმართულებით მიიღეს: ეფექტიანობის აუდიტის სერტიფიკატი 6 აუდიტორს, შესაბამისობის აუდიტის - 3 აუდიტორს, ხოლო ფინანსური აუდიტის სერთიფიკატი ერთ აუდიტორს გადაეცა. 

PESA-ს მიზანია საჯარო სექტორის აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების, ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების მიმართულებით. პროგრამა მოიცავს ერთწლიანი სწავლების კურსს და მისი დასრულების შემდგომ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აუდიტორს ეძლევა პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის  (INTOSAI) განვითარების ინიციატივის (IDI) - ს პროფესიული განათლების საპილოტე პროგრამაში 2021 წლიდან ჩაერთო. PESA-ს კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს 24 სახელმწიფო აუდიტორი ფლობს. 

PESA საჯარო სექტორის აუდიტორთა ერთადერთი სერტიფიცირების პროგრამაა, რომელიც აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.