სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება და დასკვნა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 08 დეკემბერი, 2023

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ კირტავამ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აჭარის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება და „აჭარის ა/რ-ის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნა წარადგინა.

მოხსენებაში შეფასებულია აჭარის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების მდგომარეობა, მიღებული შედეგები და ის ფაქტორები, რომელთაც გავლენა იქონიეს საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე. აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება, მნიშვნელოვანია როგორც ბიუჯეტის შესრულების რეალური მაჩვენებლით წარმოჩენის, ასევე საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში „აჭარის ა/რ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტზე, წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება.

დასკვნა მიმოიხილავს 2023 წლის აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.

ასევე, დასკვნაში გაანალიზებულია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.