სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება და დასკვნა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 24 ნოემბერი, 2023

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს „აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება და აფხაზეთის ა/რ-ის კანონპროექტზე „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ დასკვნა წარუდგინა.

მოხსენებაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების მდგომარეობა, მიღებული შედეგები და ის ფაქტორები, რომელთაც გავლენა იქონიეს საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე. გაანალიზებულია ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვის, სარეზერვო ფონდის განკარგვის, აღრიცხვა-ანგარიშგების და პროგრამული ბიუჯეტის შესრულების მნიშვნელოვანი საკითხები.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მოხსენებაში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა-ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის ზრდას.

საბჭოს პლენარულ სესიაზე აფხაზეთის ა/რ-ის 2024 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე მსჯელობისას აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ ასევე შეაფასა შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება. დასკვნაში გაანალიზებულია არის თუ არა ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილი ინფორმაცია წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების არსებული პრინციპების შესაბამისად, ხოლო ყველა არსებითი დაშვება − ადეკვატურად განმარტებული თანდართულ მასალებში.