თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ხითარიშვილმა, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ სასწავლო პროექტში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ იყო ორგანიზებული.
პროექტის „კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა და სპეციალური საგამოძიებო ინსტიტუციების გაძლიერება“ ფარგლებში, სასწავლო პროგრამის მონაწილეები გერმანიის ქალაქებში - დიუსელდორფი, ვუპერტალი, ბოხუმი და ბერლინი - ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების გამოცდილებებსა და მათ მიერ განხორციელებულ პრაქტიკებს გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის იუსტიციის სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის, პროკურორის, ევროპის საჯარო პროკურორისა და ვესტფალიის სპეციალიზებული პროკურატურის ოფისებში, ასევე ბოხუმის პროკურატურაში, გერმანიის ფედერალურ იუსტიციის სამინისტროში, გერმანიის ბუნდესტაგსა და ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა კორუფციასთან დაკავშირებულ თემატიკებს, როგორებიცაა: კორუფციის საწინააღმდეგო ქმედებები და მათთან დაკავშირებული სირთულეები; გერმანული კანონმდებლობა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ; ევროკავშირის დირექტივები კორუფციის ბრძოლასთან დაკავშირებით; კრიმინალური პოლიციის სტრუქტურა და ამოცანები; კორუფციის პრევენცია და ამ პროცესში გამოყენებული სტრატეგიები; გამოძიება პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ; „თეთრი საყელოს“ დანაშაული; ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებული თაღლითობებისა და გადასახადების დამალვის გამოძიება ევროპროკურატურის მიერ; თაღლითობის პრევენცია საჯარო სექტორშია და ა.შ.
სასწავლო ტურის მონაწილეებმა შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები წარადგინეს და აუდიტორიას კორუფციის საპრევენციო თუ აღმოჩენითი ღონისძიებების შესახებ ამ ქვეყნების მიდგომები და ანალოგები გააცნეს.


