სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და მოლდოვის საანგარიშო სასამართლოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს 27 დეკემბერი, 2023

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მოლდოვის უმაღლესი აუდიტორული უწყების დელეგაცია. 

მოლდოვამ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების აუდიტორული ქსელის თავმჯდომარემ, თავისი გამოცდილება გაუზიარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ევროკავშირის საკონტაქტო კომიტეტთან და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

მოლდოვის საანგარიშო სასამართლოს წარმომადგენლებისათვის საინტერესო იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა პრაქტიკა, მათ შორის, აუდიტის რეკომენდაციების მონიტორინგის პროცესი, პარლამენტთან თანამშრომლობა, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, აუდიტის ანგარიშებისა და შედეგების კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან, დონორებთან თანამშრომლობა და სხვა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოლდოვის საანგარიშო სასამართლოს საგარეო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ვიოლეტა ბალანი, მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი კონსულტანტი ლუდმილა ბანდაკ-გუტ, ადამიანური რესურსების სამსახურის მთავარი კონსულტანტი ლუდმილა სტეგარესკუ, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე, დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე და მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტატიანა გამყრელიძე.