სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტში ორი ანგარიში წარადგინა 26 ივნისი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტში არსებული აუდიტის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე - „საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე შსს-ს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების“ და „საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის“ ანგარიშები წარადგინა.

ანგარიშებში მოცემულია ყველა ის საკითხი, რაც ხელს უშლის ქვეყანაში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას - სიჩქარის გადაჭარბებისა თუ ე.წ. „შავი წერტილების“ გამოვლენაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ფუნქციონირებაში, სისტემატიურად დამრღვევი მძღოლებისათვის ადექვატური სახდელის დაკისრებაში არსებული ხარვეზები, ჯარიმების ამოღების დაბალი მაჩვენებელი თუ სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის პრობლემა. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები სტატისტიკურად  ყველაზე მეტად დამრღვევი მძღოლების ქმედებისა და მათზე რეაგირების შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეცვლის  პრობლემის მიმართ სისტემურ მიდგომას. 

ანგარიშის განხილვა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. წამოჭრილ  საკითხებსა და  რეკომენდაციებთან  დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს  ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებმა, ასევე დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა და  სამუშაო ჯგუფის წევრმა დეპუტატებმა. 

აუდიტის ობიექტებმა გაცემული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი სრულად გაიზიარეს და წარმოადგინეს ინფორმაცია ხარვეზების აღმოსაფხვრელად უკვე გაწეული და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.