სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს 15 მაისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა, რომელსაც გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის საფუძველზე,  სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს,  მაგისტრანტებს და თანამშრომლებს  შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტრენინგ-კურსები და სემინარები საჯარო აუდიტის დარგში, ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა  სერტიფიცირების პროგრამაში, ასევე გაიარონ  სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემაში.

სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია შეხვედრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან.

ტრენინგ-კურსებსა და სასერტიფიკაციო პროგრამებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე სსიპ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ახორციელებს,რომელსაც   საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების ექსკლუზიური უფლება აქვს.

მემორანდუმის საფუძველზე  თსუ-ს პროფილური ფაკულტეტების  წარმომადგენლებს  საჯარო აუდიტის ინსტიტუტში შესაძლებლობა  ექნებათ  გაიარონ სასურველი სასწავლო  და სასერტიფიკაციო  კურსი.  სასერტიფიკაციო პროგრამების წარმატებით გავლის შემდეგ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი   საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელ  5-წლიან  სერტიფიკატს გასცემს.

თსუ უკვე მეთოთხმეტე უმაღლესი სასწავლებელია, რომელთანაც  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს.