სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტებს ჩაატარებს 17 ივნისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) შემდგომი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ერთი მხრივ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე და მეორე მხრივ, USAID- ის მიერ დაფინანსებული მთავრობათაშორისი აქტივობების ფინანსური აუდიტის მიმართულებით.

მემორანდუმი არის წინაპირობა იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელოს USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტორული მომსახურება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარმატებით გაიარა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხარისხის პროცედურა და აღიარებული იქნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტორად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წლიდან მსოფლიო ბანკის აუდიტორია და აქვს საერთაშორისო პროექტების აუდიტის გამოცდილება. სამსახური მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მეორე აუდიტზე მუშაობს.

როგორც გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი აღნიშნავს, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მაღალი შეფასება, როგორიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (USAID), ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაღალ კვალიფიკაციას და სანდოობას.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მრავალწლიანი თანამშრომლობით ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის გაძლიერებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საქართველოში USAID მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.