სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხედვით უმაღლესი ქულით შეფასდა 18 ნოემბერი, 2015

საერთაშორისო ორგანიზაცია - ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობამ გამოაქვეყნა „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ (Open Budget Index), რომელიც აფასებს ქვეყანაში ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონეს. 2015 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ 11 პუნქტით გაუმჯობესდა და 66 ქულა შეადგინა. აღნიშნული ინდექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ ბიუჯეტის ზედამხედველობის დონე. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი შეფასება - 100 ქულა დაიმსახურა. უკანასკნელ პერიოდში, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაზეც მოწმობს ინდექსის გაანგარიშებაში აუდიტის კომპონენტის შეფასების მაჩვენებლის საგრძნობი ზრდა, კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 28 ერთეულით გაიზარდა.

„ღია ბიუჯეტის ინდექსი“ წარმოადგენს ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონის ერთადერთ დამოუკიდებელ საზომს, რომელიც გაიანგარიშება მსოფლიოს 102 ქვეყნისათვის. ბოლო მონაცემებით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს. „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ გაანგარიშებისას აუდიტის კომპონენტის მიზანია, შეაფასოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ საბიუჯეტო ზედამხედველობის ფუნქციის შესრულების დონე. კერძოდ, რამდენადაა უზრუნველყოფილი ბიუჯეტის შესრულებაზე აუდიტის ანგარიშების საზოგადოებისთვის დროული ხელმისაწვდომობა და არის თუ არა ამ ანგარიშებში მოცემული მონაცემები ამომწურავი და სასარგებლო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის აღნიშნული ფუნქციის შესრულება კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს და წელიწადში ორჯერ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან დაკავშირებით.