სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით, გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ მოამზადა მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საჯარო რესურსების ეფექტიანი განკარგვის ხელშეწყობაში. სამსახური თავისი აუდიტორული და არააუდიტორული საქმიანობით, უზრუნველყოფს პარლამენტის ხელშეწყობას საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი აუდიტორული საქმიანობის შედეგად მოტანილი სარგებლის გაზრდაა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საგრძნობლად გაიზარდა როგორც ჩატარებული აუდიტების რაოდენობა, ასევე აუდიტორული საქმიანობით ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი და სექტორული დაფარვის მაჩვენებელი.
საჯარო სექტორში ელექტრონული მმართველობის დანერგვით გაზრდილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო უსაფრთხოების რისკების საპასუხოდ 2014 წელს პირველად ჩატარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტი. ასევე, IT აუდიტის განვითარების ფარგლებში აღსანიშნავია სამწლიანი პროექტი - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება", რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდება.
2014 წელი გამოირჩეოდა ახალი პროექტების დაწყებითაც. გასულ წელს დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (TWINNING), რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები სას-ის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. გარდა ამისა, აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და აუდიტის პროცესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად, სამსახურში დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი აუდიტის მართვის სისტემის (AMS) დასანერგად, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დახმარებით მიმდინარეობს.
2014 წელი აღსანიშნავია იმითაც, რომ გაძლიერდა თანამშრომლობა პარლამენტთან. კერძოდ, გაიზარდა აუდიტების საკომიტეტო განხილვები, ასევე, მოეწყო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, რომლებიც ხელს უწყობდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
გარდა წინ გადადგმული ნაბიჯებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე კვლავ დგას ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა რეკომენდაციების შესრულების გაუმჯობესება და აუდიტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა. სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, სამსახური გეგმავს აღნიშნულ პროცესში პარლამენტის როლის გაზრდას. რაც შეეხება სამსახურის საქმიანობაში სამოქალაქო თანამონაწილეობის გაუმჯობესებას, გასულ წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზნად დაისახა, შეიმუშაოს საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის სხვადასხვა ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას სას-ის საქმიანობაში და ასევე, განსაზღვრავს არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების როლს ამ პროცესში.
წინამდებარე ანგარიში წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის საქმიანობას.
იხ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის საქმიანობის ანგარიში