სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობა სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტის პროგრამაში (ALBF) 10 აპრილი, 2017

უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ინიციატივის (IDI-ის) ორგანიზებით 30-31 მარტს ქალაქ ოსლოში, ნორვეგიაში, გაიმართა სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტის პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტის სახელმძღვანელოს განახლება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სახელმძღვანელოს განახლებული ვერსიის შემუშავებაში და მათი ჩართულობა პროგრამაში ორგანიზატორების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. სახელმძღვანელო აერთიანებს სახელმწიფო ვალის მართვასთან და მის აუდიტთან დაკავშირებულ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. სახელმძღვანელო დაეხმარება ვალის მართვის აუდიტში ჩართულ აუდიტორებს შეარჩიონ აუდიტის თემა, დაგეგმონ და განახორციელონ სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტი უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ზემოხსენებული დოკუმენტი უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს პროგრამის ფარგლებში დაგროვილ გამოცდილებაზე, მის მიერ მოტანილ სარგებელსა და იმ პოტენციურ ღონისძიებებზე, რომლებმაც მომავალში უნდა უზრუნველყონ მიღწეული შედეგების მდგრადობა და შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა პრეზენტაცია გააკეთეს უწყებაში სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტის მიმართულებით არსებულ პრაქტიკებზე და სამომავალო გეგმებზე. აგრეთვე, განხორციელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უახლესი პროდუქტის - ბიუჯეტის მონიტორის დემონსტრაცია, როგორც დაინტერესებული მხარეებისათვის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების ინოვაციური მექანიზმი.

გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეებმა განიხილეს აუდიტების მიმდინარეობისას გამოვლენილი შეზღუდვები და მათი შესაძლო გადაჭრის გზები. ამასთან, უმაღლესი აუდიტორული უწყებების მხრიდან წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია სახელმწიფ ვალის მართვასთან დაკავშირებულ აუდიტებში გაცემული რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ.

ოსლოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა 18 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტები სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით, IDI-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  UNCTAD-ის წარმომადგენლები.

სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტის პროგრამა 2014-2017 წლებში მიმდინარეობდა და რამდენიმე ფაზას მოიცავდა. კერძოდ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს ელ-კურსი სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღეს IDI-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში და წარმატებით ჩაატარეს საპილოტე აუდიტები სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით.