სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატია EUROSAI-ს ინოვაციების ბროშურაში 19 აგვისტო, 2015

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) ინოვაციების რიგით მესამე ბროშურაში დაიბეჭდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (სას) მიერ მომზადებული სტატია რომელიც მიმოიხილავს სას-ის ინოვაციურ  მეთოდებს, რომელთა მთავარ მიზანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის და აღქმადობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

სტატიაში ხაზგასმულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მხრიდან დროული და ეფექტიანი კომუნიკაციის არსებობა დაინტერესებულ მხარეებთან. ეფექტიანი კომუნიკაციის მექანიზმები განსაკუთრებით მაშინ ხდება აქტუალური, როდესაც თანამედროვე აუდიტის არსი სათანადოდ არ არის აღქმული დაინტერესებული მხარეების მხრიდან.

სტატიაში განხილულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემა, რომლის მთავარ მიზანს რეკომენდაციების შესრულების შედეგად საჯარო სექტორისთვის მოტანილი სარგებელი წარმოადგენს. სტატია ასევე მიმოიხილავს სას-ის მიერ მომზადებული ვებ პორტალებს, რომელთა მეშვეობითაც სას გეგმავს საჯარო სექტორის წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების განმტკიცებას:

  • პორტალი „დაგეგმე ჩვენთან ერთად“ - რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებასა და სხვა დაინტერესბულ მხარეებს, მონაწილეობა მიიღონ აუდიტის პროცესში;
  • „ებრძოლე კორუფციას“ - პორტალის მიზანია საჯარო სექტორში შესაძლო თაღლითობისა და კორუფციის შემთხვევების გამოვლენა და მათი შემდგომი პრევენცია.

სტატია მკითხველს საშუალებას აძლევს მოკლედ გაეცნოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებულ კომუნიკაციის თანამედროვე და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეებს, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირდაპირ და ირიბად წვლილი შეიტანონ საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში.