დღეს, 23 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ, დევი ვეფხვაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 საქმიანობის ანგარიში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „მოხსენება საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილ იქნა 2015 წელს გაწეული საქმიანობით მიღწეული შედეგები, ინფორმაცია წლის განმავლობაში ჩატარებული აუდიტების, გამოვლენილი ხარვეზებისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ.
საქმიანობის ანგარიშში უპირველესად მიმოხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2015 წელს განხორციელებული მიღწევები, კერძოდ:
- აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად აღსანიშნავია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის დანერგვის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს;
- GIZ-ის დახმარებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი. ურთიერთთანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს აუდიტორული საქმიანობის შედეგების რეალიზაციას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას;
- 2015 წელს ბოლოს, ნორვეგიის მთავრობის გრანტის ფარგლებში, შეძენილ იქნა აუდიტის მართვის სისტემა (AMS). აღნიშნული პროგრამა გაამარტივებს აუდიტორულ პროცედურებს და დაეხმარება აუდიტორებს დროის დაზოგვასა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად შეფასდა, ხოლო „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ ბიუჯეტის ზედამხედველობის კუთხით, საქართველო მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების სიაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „მოხსენებაში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“, მიმოხილულია 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადების პროცესში განხორციელებული აუდიტორული და ანალიტიკური საქმიანობების შედეგად სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ყველა ძირითად საფეხურზე გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები და მნიშვნელოვანი საკითხები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. მოხსენებაში ასევე მიმოხილულ იქნა:
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების ტენდენცია;
- ბიუჯეტის ფორმირების პროცესში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები;
- შრომის ანაზღაურების, „პრემიისა“ და „დანამატის“ სახით გაცემული ანაზღაურების ანალიზი;
- სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესში გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები;
- სახელმწიფო ფინანსური აქტივების მართვა;
- საგარეო ვალდებულებების ზრდის კომპონენტში, აღინიშნა, რომ შეფერხებებით ხორციელდება საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული გარკვეული პროექტების ფარგლებში დაგეგმილი თანხების ხარჯვა;
- ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადებაში შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ართულებს, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელს ხდის შეფასდეს პროგრამების ეფექტიანობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის, მიზანშეწონილია იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც დაფიქსირებულია მოხსენებაში.
