სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 5 აპრილს ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოს/Open Government Partnership (OGP) Georgia შეხვედრაში.
შეხვედრაზე გენერალური აუდიტორი პირველმა მოადგილემ - ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა უწყების მიერ შემუშავებული ინოვაციური ვებ-პლატფორმა - ბიუჯეტის მონიტორი (www.budgetmonitor.ge) - როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით შესრულებული ვალდებულება. აღნიშნული ვებ-პლატფორმა საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ემსახურება და პასუხობს OGP-ის მიერ განსაზღვრულ ოთხივე პრინციპს - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა, ტექნოლოგიაა და ინოვაცია.
საყურადღებოა, რომ საქართველო 2017 წლის ოქტომბრიდან OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება ერთი წლის ვადით. საქართველო არის OGP-ის მე-8 თავმჯდომარე და პირველი არადამფუძნებელი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში OGP-ის წარმომადგენლებმა ჯო პაუელმა და პოლ მაასენმა ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ასევე, გაიმართა მსჯელობა OGP-ის წინა თავმჯდომარე ქვეყნების კარგ პრაქტიკასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე თავმჯდომარეობის წლის განმავლობაში.

