სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და მოხსენება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე. 18 ოქტომბერი, 2016

17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, გენერალური აუდიტორის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ, წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და მოხსენება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე.

აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავდროულად, მიმოიხილავს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც აფასებს კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობას. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშებში წარმოდგენილი იქნა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.