2015 წლის 19 ნოემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე წარადგინა დასკვნა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტის შესახებ“ (პირველი წარდგენა).
დასკვნაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება იქნა გამახვილებული ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კომპონენტების საპროგნოზო მაჩვენებლები და მათი რეალისტურობა; „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გამოყოფილი სახსრების ოდენობის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებთან დაკავშირებული ასიგნებთა გადანაწილება, ათვისების არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
შემაჯამებელი სხდომა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და სხვადასხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პირობითი ვალდებულებების საქართველოში არსებულ აღრიცხვის პრაქტიკასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
აღნიშნული შეხვედრის შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნა კანონის ცვლილების პროექტი საბოლოო ვარიანტის შემუშავების მიზნით.