სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება 18 მაისი, 2015

2015 წლის 17 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში, შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ყოფილმა დირექტორმა, ლევან ჯინჭარაძემ გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ 2010-2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მომზადებისას საეჭვო გარემოებები ვერ აღმოაჩინა, რაც უსაფუძვლოა და რეალობას არ შეესაბამება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წელს ჩაატარა შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ 2010-2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები და რისკები, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბერს გადაიგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში.

დარღვევები შეეხებოდა 17 342 820 ლარის საწესდებო კაპიტალიდან აქტივების გატანას და შემდგომში განკარგვას, აუქციონის საშუალებით მასალების რეალიზაციის (მათ შორის, აღნიშნულ სიუჟეტში ნახსენები ბითუმის რეალიზაციის) მტკიცებულებების წარმოუდგენლობას, ძირითადი საშუალებების ღირებულების 7672 401 ლარით შემცირების კანონშესაბამისობას, ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების არასრულყოფილ ინვენტარიზაციას და სხვ. აღნიშნული დარღვევები ასახულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ლევან ჯინჭარაძის მიერ გაკეთებული განცხადება სრულიად ეწინააღმდეგება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უკავშირდება სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

 იხ. დოკუმენტები: