აშშ-ის სახელმწიფო აუდიტორულ უწყებაში (GAO) პროფესიული მომზადების პროგრამით იმყოფება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორი მარიამ ზაალიშვილი.აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტის საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობა USAID-ს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა ოთხი თვე გრძელდება და მასში 18 ქვეყნიდან , მათ შორის ესტონეთიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ალბანეთიდან, ჰონკონგიდან და სინგაპურიდან შერჩეული ახალგაზრდა აუდიტორები მონაწილეობენ.
პროგრამის მონაწილე აუდიტორები ჩართულები არიან უშუალოდ აუდიტის პროცესებში და აუდიტორულ კვლევებში მონაწილეობენ. გარდა სამუშაო პროცესისა, მარიამ ზაალიშვილი კოლეგებთან ერთად ეცნობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, აუდიტის დაგეგმვისა და წარმართვის მეთოდოლოგიას, ლიდერობას, აშშ-ს ფედერალურ აუდიტში დანერგილ ინოვაციებს, რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვის მეთოდოლოგიას, აუდიტის ხარისხის კონტროლს, ეფექტიანობის აუდიტსა და მისი გავლენის შეფასებას.
პროგრამის მონაწილეები აშშ-ს სახელმწიფო აუდიტორული უწყების ხელმძღვანელს შეხვდნენ, რომელმაც ასევე მოისმინა ინფორმაცია საქართველოს შესახებ და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
პროგრამის ძირითადი ნაწილი ვაშინგტონში, ცენტრალურ ოფისში წარიმართება,ასევე დაგეგმილია ვიზიტები აშშ-ს ფედერალური მთავრობის ოფისებში.
პროგრამის მონაწილეები აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დელეგატებთან ერთად მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების აუდიტს (SDG Audit) შეეხებოდა. კონფერენციაზე აშშ-ს აუდიტის სამსახურის (GAO) დირექტორმა სტრატეგიულ საკითხებში - კრის მიმმა, რომელიც ასევე ორგანიზაციის წარმომადგენელია INTOSAI-ში, მდგრადი განვითარების მიზნების აუდიტის მიმართულებით საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოსა და წარმატებულ შედეგებზე ისაუბრა.
