სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა 01 თებერვალი, 2016

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების შესრულების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი წიწილაშვილმა კანონმდებლებს  „სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის“  ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გააცნო  და  აუდიტის მიზნებისა და მიმართულებების, აგრეთვე,  შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება სოფლად ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის ჯანდაცვის სფეროს უმნიშვნელოვანესი და  ერთ-ერთი პირველი კომპონენტია. ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობის  გაზრდას.

პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ასევე განიხილეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 წლების შესაბამისობის  აუდიტის ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა შეყილაძემ წარადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი  წესრიგისა  და უსაფრთხოების  სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა ბრაგვაძემ კანონმდებლებს წაუდგინა  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტის ანგარიში.

სხდომაზე  გამოთქმული  მოსაზრებებისა  და  წინადადებების  გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს და შესაბამის კომიტეტს წარუდგენს.

სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ ფორმატში მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.