სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის შეხვედრა საპარლამენტო ზედამხედველობის სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით 07 ნოემბერი, 2015


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით 6-7 ნოემბერს ქალაქ თელავში მოეწყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა შეხვედრები საპარლამენტო ზედამხედველობის სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით.შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა. 

საპარლამენტო ზედამხედველობის სამუშაო ჯგუფი პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მის მიზანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაძლიერების მეშვეობით საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ჯგუფის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ფორმალიზებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშების განხილვას, ჩართული მხარეების შეხვედრების ორგანიზებასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებას.