ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება" ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლატვიასა და ფინეთში გაემგზავრა.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სადაც სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის უზრუნველყოფის და შემოსავლების აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან ლატვიის პარლამენტს, სადაც უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები თანამშრომლობის გამოცდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს.
ლატვიიდან საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება ჰელსინკიში, სადაც შეხვედრებს გამართავს ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. ფინეთისა და საქართველოს გენერალური აუდიტორები ტუტი ილი ვიიკარი და ირაკლი მექვაბიშვილი ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.
საქართველოსა და ფინეთის აუდიტორული უწყებების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების იდეა მარტის დასაწყისში, იერუსალიმში გამართულ EUROSAI-ASOSAI -ს კონფერენციაზე გაჩნდა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის მხრიდან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, კომიტეტის წევრები პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, ირაკლი ბერაია და ხათუნა გოგორიშვილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარმოადგენენ გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, მისი მოადგილე ეკა ღაზაძე, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდე გოგოლაშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს დეპარტამენტის უფროსი გიორგი კეკელიშვილი და დონორებსა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე.