2016 წლის 30 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა (სას) და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (US Government Accountability Office) აუდიტის სასწავლო ცენტრს (Center For Audit Excellence) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT აუდიტორების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საანგარიშგებო პალატა (GAO) არის წამყვანი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაცია ინფორმაციული სისტემების აუდიტის მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შემუშავებაში.
თანამშრომლობის ფარგლებში, სას-ის IT აუდიტორებისათვის მოეწყობა სასწავლო ტრენინგები ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტში, რომელთაც წარუძღვებიან აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის გამოცდილი ექსპერტები. ამასთანავე, ამერიკელი ექსპერტების ჩართულობითა და ზედამხედველობით სას-ის IT აუდიტორები ჩაატარებენ ინფორმაციული უსაფრთხოების 2 საპილოტო აუდიტს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული თანამშრომლობის კომპონენტი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ (იხ. დამატებითი ინფორმაცია). პროექტის მთავარი ამოცანაა სას-ში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის დანერგვა და განვითარება.