სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პუბლიკაციაში 09 ოქტომბერი, 2015

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს მის წევრ ქვეყნებს კორუფიასთან ბრძოლაში. ის უზრუნველყოფს რეგიონალურ ფორუმს ანტიკორუფციული აქტივობების ხელშესაწყობად, ინფორმაციის გასაცვლელად, საუკეთესო პრაქტიკის შესამუშავებლად და შეხვედრებისა და სემინარების მეშვეობით დონორებთან კოორდინაციას.

ორგანიზაციის კვლევის „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიაში“ შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეგიონში საუკეთესო პრაქტიკის მქონე საჯარო უწყებაა კორუფციის პრევენციის კუთხით. პუბლიკაცია მომზადდა 2013-2015 წლებში, OECD-ის წევრი სახელმწიფოთა მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე. კვლევაში მოცემულია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული წარმატებული და ეფექტიანი ზომები და ასევე საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მასშტაბით.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ გატარებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი უმთავრესია სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება კორუფციის ნიშნების შემცველი შემთხვევების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან OECD-ის მიერ სამაგალითოდაა აღიარებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში: „სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამშრომლობს პროკურატურასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან - შემდგომი რეაგირების მიზნით აგზავნის აუდიტორული საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციას (სახელმწიფო საკუთრების უკანონო მითვისება, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები, ქრთამის აღების ფაქტები და კორუფციული სქემები); აუდიტორები ჩართულნი არიან როგორც ანტიკორუფციული აუდიტის სფეროს ექსპერტები ფინანსული ხასიათის დანაშაულის კომპლექსურ გამოძიებაში. გამოძიების დასკვნები და შედეგები, მათ შორის ინფორმაცია მითვისებული საბიუჯეტო სახსრებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული თანხების შესახებ, რეგულარულად გამოქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ და ასევე აისახება სამსახურის საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს“.

ანგარიშში ასევე მოყვანილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2011-2013 წლების აუდიტორული საქმიანობის შედეგების შემაჯამებელი სტატისტიკური მაჩვენებლები, კერძოდ:

 

  • სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებულია 30-ზე მეტი აუდიტის ანგარიში, რომელიც შეიცავს შესაძლო კორუფციის ნიშნებს;
  • ჩატარებული აუდიტების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 75 პირი;
  • სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა 84 საგამოძიებო აუდიტი (Forensic audit).
  • აუდიტორული საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას დაექვემდებარა დაახლოებით 13,8 მილიონი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჯვარედინი სისტემური კორუფციული რისკების გამოვლენაში საჯარო ფინანსების ადმინისტრირებაში.
კორუფციის პრევენციის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული ზომების შედეგად, პუბლიკაციაში საქართველო მოხსენიებულია ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრია, ინგლისი და სხვა.

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელით აქტიურად თანამშრომლობს OECD-ACN ქსელთან, რეგულარულად მონაწილეობს OECD-ACN-ის პლენარულ და მმართველი კომიტეტის სხდომებში. მიმდინარე წელს გამართულ სხდომებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კორუფციის პრევენციის მიზნით გატარებული რეფორმები და რეკომენდაციების შესრულების პროგრესი შეფასდა დადებითად.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.oecd.org
პუბლიკაციის სრულად სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.oecd.org/investment/anti-bribery/ACN-Prevention-Corruption-Report.pdf