სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად ერთობლივ აუდიტს ჩაატარებს 11 ოქტომბერი, 2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში კიევში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსიის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა.

ხუთი ქვეყნის გენერალურმა აუდიტორებმა ტუბერკულოზის მკურნალობასა და პროფილაქტიკასთან დაკავშირებული პარალელური აუდიტის ჩატარების ერთობლივი გეგმა განიხილეს.

საქართველომ და აზერბაიჯანმა თემის წინასწარი შესწავლის შედეგები წარმოადგინეს და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს საერთაშორისო აუდიტში ჩართულ მხარეებს.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება 2030-ის დღის წესრიგის შედეგების მონიტორინგისათვის" ფარგლებში პირველი პარალელური აუდიტი ტარდება. გადაწყვეტილება საერთო აუდიტების ჩატარებისა და აქტუალური თემების შერჩევის შესახებ ივლისში, თბილისში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა გამართეს უკრაინისა და საქართველოს გენერალურმა აუდიტორებმა ვალერი პაცკანმა და ირაკლი მექვაბიშვილმა და გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი ასევე ეწვია უკრაინის უმაღლეს რადას, სადაც ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს იური არისტოვს შეხვდა.