სახელმწიფო აუდიტის სამსახური შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მოლდოვის, რუმინეთის და უკრაინის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას უზიარებს.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციებს შორის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს დაგეგმვისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით.
ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის (NCA) მიერ ორგანიზებულ გამოცდილების გაზიარების ონლაინ შეხვედრებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა კოლეგებს დაგეგმვის და წლიურ აუდიტორულ საქმიანობაზე სამსახურში არსებული პრაქტიკა გააცნეს, ყურადღება გამახვილდა დაგეგმვის როლზე სოციალურად მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აუდიტების შერჩევაში.
შეხვედრები ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაფინანსებული საოლქო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორი ქვეყნის გენერალური აუდიტორების ინიციატივით მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიმდინარე წელს სტრატეგიულ დაგეგმვისა და კეთილსინდისიერების შესახებ გამოცდილების გაზიარებას ეხება.
ვებინარზე საქართველოს, შვედეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის აუდიტის სამსახურების თანამშრომლებმა საკუთარი ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით ბოსნია და ჰერცოგოვინას, მოლდოვის, რუმინეთის და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების წარმომდგენლებს გაუზიარეს გამოცდილება სტრატეგიის როლზე წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შედგენაში, რის შედეგადაც გაღრმავდა სამსახურის გამოცდილება და გაიზარდა მის შესახებ აუდიტორულ საზოგადოებაში ცნობადობა. სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ წარადგინა პრეზენტაცია სამსახურის სტრატეგიულ მიზნებზე, მათი მიღწევის, მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენლები - შოთა ჯამბურიძე, მარიამ დანელია, სალომე ვერულაშვილი, სოფიკო ხაჩიძე და ნინო კერესელიძე.

