სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის პროცესში გამოვლინდა ხარვეზები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვაში, კერძოდ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსებულია არა გაუთვალისწინებელი ხარჯები, არამედ მიმდინარე ხარჯები და წლიური გეგმით გათვალისწინებული შესყიდვები.
ბალანსზე არ იყო აღრიცხული სამინისტროსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები, ჯამური ღირებულებით 54,413.7 ათასი ლარი.
სამინისტროს ბალანსზე არსებული ფართები იჯარით იყო გაცემული შპს „ნიგი-2009“-ზე. კომპანიას არ აქვს გადახდილი ბიუჯეტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის საფასური - 88.5 ათასი ლარი და საურავი - 27.2 ათასი ლარი (ჯამურად - 115.7 ათასი ლარი).
„საქონელი და მომსახურების“ მუხლის „წარმომადგენლობითი ხარჯების“ ქვემუხლით, 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეულია 1,859.7 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 1,082.2 ათასი ლარის ხარჯი. ზოგიერთ შემთხვევებში, გაურკვეველია სტუმრების ვინაობა, მათი რაოდენობა და ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა.
სახელმწიფო შესყიდვების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სატენდერო კომისიის მიერ ცალკეულ შემთხვევებში დისკვალიფიცირებულია დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტები, არააწორად იყო განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები, ასევე სატენდერო დოკუმენტაციებში შესყიდვის ობიექტების ტექნიკური მაჩვენებლების აღწერისას მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აღნიშნული მიზანშეუწონელია და გამოსწორებას საჭიროებს.
ქვეყნის გარეთ მივლინებებთან დაკავშირებული მიწვევები ცენტრალურ საბუღალტრო სამმართველოს არ ეგზავნებოდა. აღნიშნული პრინციპით ქვეყნის გარეთ მივლინებების ორგანიზება წარმოადგენს შიდა კონტროლის სისუსტეს, რადგან ბუღალტერიის მიერ ვერ ხორციელდებოდა სამივლინებო თანხების გაანგარიშების სისწორის გადამოწმება. აღნიშნული საჭიროებს გამოსწორებას.
აუდიტის პერიოდშისამინისტროს მიერ თანამშრომლებზე გაწეულია მომსახურებები - საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოებები ისე, რომ გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები. სულ ბიუჯეტში გადაუხდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა შეადგენს 296.3 ათას ლარს.
იხ. ანგარიში
