სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011 და 2012 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის ხარვეზები და შეუსაბამობები ბიუჯეტის ,,დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციასთან, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონებთან და ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესთან.“ მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:
სამინისტროს ბალანსი არასრულად ასახავს ძირითად აქტივებს, რადგან ბალანსში არ არის ასახული 7 828 811 ლარის ღირებულების უძრავი ქონება. კერძოდ, ხელოვნური და ასფალტსაფარიანი მოედნები და ე.წ. „პატრიოტული ბანაკების“ ინფრასტრუქტურა. აღნიშნული ქონება საბალანსო ანგარიშების ნაცვლად, სამინისტროს მიერ ასახულია საცნობარო მუხლში. ზემოხსენებული ძირითადი აქტივები მოიცავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 2009 წლიდან რიცხულ პატრიოტული ბანაკის ქონებას: ბანაკის ინფრასტრუქტურა და 18 ერთეული კოტეჯი, - სულ 925 299 ლარის ღირებულების. დათვალიერების შედეგად განმუხურის ბანაკის ქონება ადგილზე არ აღმოჩნდა.
სამინისტროს მიერ 2011-2012 წლებში უძრავი ქონების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.
2012 წლის 31 დეკემბრისთვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 88 000 ლარის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის 83 000 ლარი წარმოადგენს ფეხბურთის ფედერაციის დავალიანებას.
სამინისტროს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია აღნიშნული დებიტორული დავალიანების ამოსაღებად.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებიდან გამომდინარე, სამინისტროს ბალანსზე ფეხბურთის ფედერაციის მიმართ უნდა ირიცხებოდეს 155 838 ლარის დებიტორული დავალიანება, თუმცა აღნიშნული თანხებით დებიტორული დავალიანებები არარეალურად არის შემცირებული.
სამინისტროს 2011 წლის 31 დეკემბრის და 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება 1 134 904 ლარის ვადაგადაცილებული კრედიტორული დავალიანებები, რომელიც გადმოცემულია ყოფილი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტიდან.
აღნიშნული კრედიტორული დავალიანებების გარდა, სამინისტროს ერიცხება ყოფილი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტმენტიდან გადმოყოლილი 771 608 ლარის ვადაგადაცილებული დავალიანებები ბიუჯეტის მიმართ, რომელთა წარმომავლობის შესახებ სამინისტრო დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ ფლობს.
სამინისტროს მიერ არ არის ჩატარებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაცია.
2011-2012 წლებში სპორტის სამინისტროსთვის ფეხბურთის მოედნების მშენებლობის მიზნით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სამინისტროს მიერ გადაცემულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე. ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ სამუშაოებზე გააფორმა ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან .
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩატარებულ სამუშაოებზე ბიუჯეტიდან ზედმეტად დახარჯულია 392 400 ლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ მოედნების მშენებლობაზე ზედმეტად დახარჯული თანხებიდან ბიუჯეტში დააბრუნა 369 600 ლარი.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოთქვა უარყოფითი აუდიტორული მოსაზრება. ამასთან, მასალები განმუხურის პატრიოტული ბანაკის ქონების შესახებ შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
