სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაზე დასკვნის გაცემა და მისი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის ხარვეზები და შეუსაბამობები ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციასთან, სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესთან. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:
სამინისტროს ბალანსი არასრულად ასახავს ძირითად აქტივებს, რადგან ბალანსში არ არის ასახული 5 801 937 ლარის ღირებულების უძრავი ქონება. კერძოდ - ხელოვნური და ასფალტსაფარიანი მოედნები და ე.წ. „პატრიოტული ბანაკების“ ინფრასტრუქტურა. აღნიშნული ქონება საბალანსო ანგარიშების ნაცვლად სამინისტროს მიერ ასახულია საცნობარო მუხლში. ზემოთხსენებული ძირითადი აქტივები მოიცავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 2009 წლიდან რიცხულ პატრიოტული ბანაკის ქონებას: ბანაკის ინფრასტრუქტურა და 18 ერთეული კოტეჯი, სულ 925 299 ლარის ღირებულების. დათვალიერების შედეგად განმუხურის ბანაკის ქონება ადგილზე არ აღმოჩნდა (საკითხი ასახულია აუდიტის ანგარიშის საიდუმლო ნაწილში).
სამინისტროს მიერ განხორციელებულ უძრავი ქონების ინვენტარიზაციის აქტში განმუხურის ბანაკის ინფრასტრუქტურა და 18 ერთეული კოტეჯი, სულ 925 299 ლარის ღირებულების ქონება, დანაკლისად არ არის დაფიქსირებული.
2013 წლის 31 დეკემბრისთვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 88 000 ლარის ძველი დებიტორული დავალიანებები, მათ შორის 83 000 ლარი წარმოადგენს ფეხბურთის ფედერაციის დავალიანებას. სამინისტროს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია აღნიშნული დებიტორული დავალიანების ამოსაღებად.
აგრეთვე, სამინისტროს ბალანსზე ირიცხება სხვადასხვა ფედერაციებზე 2012 წელს წარმოშობილი მოთხოვნები 268 960 ლარის ოდენობით. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტროს მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა დოკუმენტური მასალები შემდგომი რეაგირებისათვის.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებიდან გამომდინარე, სამინისტროს ბალანსზე ფეხბურთის ფედერაციის მიმართ უნდა ირიცხებოდეს 155 838 ლარის დებიტორული დავალიანება, თუმცა აღნიშნული თანხებით დებიტორული დავალიანებები არარეალურად არის შემცირებული.
სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება 1 134 904 ლარის ვადაგადაცილებული კრედიტორული დავალიანებები, რომელიც გადმოცემულია ყოფილი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტიდან.
აღნიშნული კრედიტორული დავალიანებების გარდა სამინისტროს ერიცხება ყოფილი სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტმენტიდან გადმოყოლილი 882 528 ლარის ვადაგადაცილებული დავალიანებები ბიუჯეტის მიმართ, რომელთა წარმომავლობის შესახებ სამინისტრო დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ ფლობს.
სამინისტროს მიერ არ არის ჩატარებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოთქვა პირობითი აუდიტორული მოსაზრება სამინისტროს ფინანსური ანგარიშგებისა და საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
