სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის 2013 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რაზეც გაიცა პირობითი მოსაზრება.
პირობითი მოსაზრების საფუძველია შემდეგი გარემოებები:
- სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე ასახულია 2005-2006 წლებში ლიკვიდირებული საქვეუწყებო დაწესებულებების, სსიპ-ებისა და ყოფილი რაიონული სამმართველოების მიერ წარმოდგენილი სალიკვიდაციო ბალანსებში რიცხული 160,967 ლარის კრედიტორული და 1,976,882 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელზეც დავალიანების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია სამინისტროში არ ინახება. შესაბამისად, ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები აღნიშნული დავალიანებების დასადასტურებლად.
- სამინისტროს აპარატის ბალანსზე ირიცხება შენობა-ნაგებობები, რომელზეც ცვეთის დარიცხვის მეთოდი და კოეფიციენტი გაურკვეველია და რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება მოქმედ ინსტრუქციას.
- 2013 წლის 8 თებერვალს სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 54 ერთეული მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 1,465,000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ჯი თი მოტორსმა“ და გაიმარჯვა. ხელშეკრულება გაფორმდა 1,445,040 ლარზე.
სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულს სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა დაბალი კუბატურის და მაღალი გამავლობის ავტომანქანები. მიწოდების ვადა განისაზღვრა არანაკლებ 40 ერთეულით - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი - არაუგვიანეს 2013 წლის 20 მაისისა.
აღსანიშნავია, რომ ტენდერი დასრულდა 2013 წლის 5 მარტს, ხელშეკრულება გაფორმდა 6 მარტს და იმავე დღეს მოხდა 44 ერთეული ავტომანქანის მიწოდება, დანარჩენ 10 ავტომობილზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2013 წლის 19 მარტს.
უნდა აღინიშნოს, რომ შემჭიდროვებულ ვადებში მიწოდების მოთხოვნა, შესაძლოა ვერ უზრუნველყოფდეს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას.
