უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI) 2013 წლის შეფასებით, შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობა თანამშრომლობის და ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ გამოქვეყნდა სტატია EUROSAI-ის პერიოდულ გამოცემაში - „უმაღლეს აუდიტორულ ორგანოების შესაძლებლობების განვითარების საუკეთესო მაგალითები“. სტატია მიმოიხილავს სას-ისა და SNAO-ს თანამშრომლობის ისტორიას, რომელიც 2010 წლიდან იწყება. კონტროლის პალატიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურამდე ტრანსფორმაციის პერიოდში შვედეთის ეროვნულმა აუდიტორულმა ოფისმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ამ უკანასკნელს. თავდაპირველად თანამშრომლობის მიმართულებებად განისაზღვრა:
- ეფექტიანობის აუდიტი;
- ფინანსური აუდიტი;
- შიდა და გარე კომუნიკაცია;
- სას-ის მმართველობა;
- ინფორმაციული სისტემების (IT) ინფრასტრუქტურის სტრატეგია.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რის შედეგადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაინერგა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიები. ასევე, აღნიშნულ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზების მიმართულებით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა სას-ის თანამშრომელთა პროდუქტიულობა.
სტატიაში ასევე განხილულია თანამშრომლობის წარმატების ფაქტორები, კერძოდ:
- სრულყოფილი მხარდაჭერა შვედეთის მხრიდან;
- წარმატებული კომუნიკაცია და თანამშრომლობის მოქნილი ფორმატი შვედეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტის სურვილი და მზადყოფნა სას-ის ინსტიტუციური განვითარებისთვის;
- სას-ის მიერ ადამიანური რესურსების განვითარების აქტიური პოლიტიკის წარმოება;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის თანამშრომლობა გრძელდება - ურთიერთგაგების მემორანდუმი 2014-2016 წლებისთვის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას. კერძოდ, მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა თანამშრომლობის ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა, კომუნიკაცია აუდიტის მსვლელობის პროცესში და აუდიტის შემდგომ, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერება, ეფექტიანობის აუდიტის ფუნქციის მდგრადობის უზრუნველყოფა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა.
