სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატის 2013 წლის ფინანსური და 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 27 იანვარი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატის 2013 წლის ფინანსური და 2011 – 2013 წლების შესაბამისობის აუდიტი, რის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევები:

სამინისტროში, სხვადასხვა წლებში, საჩუქრების სახით მიღებული 140 დასახელების მატერიალური ფასეულობა შეფასებული და ბუღალტრულად ბალანსზე აღრიცხული არ არის.

2011 - 2012 წლებში სამინისტროსათვის ავიაბილეთების მიწოდებას ახორციელებდა შპს "სი-თი-ესი". სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დაუდგენელია, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული კომპანია მომწოდებლად.

სამინისტროსა და შპს "ენსოლს" შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შემსრულებლის მიერ მოწოდებული იქნა 180 100 ლარის ღირებულების ორი ცალი გენერატორი. დღემდე აღნიშნული გენერატორების დამონტაჟება და დანიშნულების მიზნით გამოყენება არ განხორციელებულა. შედეგად აღნიშნული აქტივებიდან 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური სარგებელი მიღებული არ არის, ცვეთის სახით კი დარიცხულია 45.0 ათასი ლარი.

სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" მიერ გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის უზუფრუქტის ფორმით უვადო სარგებლობაში გადაცემული, ქ.თბილისში მდებარე 12 024 მ2 მიწის ნაკვეთი ბუღალტრულად აღრიცხული არ არის.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის 1995 წლის 9 იანვარს დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის მხარემ საქართველოს მხარეს, დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობების აშენების მიზნით, 49 წლიანი საიჯარო სარგებლობის პირობით, გადასცა მიწის ნაკვეთები ქ. კიევში ტშევჩენკოს ქ. N25-ში და გონჩარის ქ. N22-ში 2900 კვ.მ ფართობის ოდენობით.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ოფისისა და საელჩოს თანამშრომელთა ბინების აშენების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საწარმო „მისკბუდინვესტს“ შორის 2001 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებითა და საინვესტიციო ხელშეკრულებაში 2006 წლის 25 მარტს შეტანილი დამატებითი შეთანხმებით, საქართველოსათვის 49 წლიანი საიჯარო სარგებლობის პირობით გადამოცემულ მიწის ნაკვეთებზე, ინვესტორის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს განსათავსებლად წილობრივი მონაწილეობით უნდა მიეღო 1 350 კვ.მ. არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართი და 490 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, უკრაინაში საქართველოს ელჩის რეზიდენციისა და თანამშრომელთა საცხოვრებელი ფართებისათვის.

საქართველოს მხარისათვის საუკეთესო წინადადების მომზადების მიზნით, ინვესტორის კომისიური წესით შერჩევის შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილი ვერ იქნა. დაუდგენელია, თუ რა ნორმატიული დოკუმენტებით, რა გაანგარიშებებსა და გათვლებზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული წილობრივი გადანაწილება და გათვალისწინებულია თუ არა ფართების წილობრივი გადანაწილების დროს სამთავრობათაშორისო შეთანხმებით ქართული მხარისათვის მინიჭებული შეღავათები.

2011 წლის 25 მაისს და 2011 წლის 22 დეკემბერს შედგენილი განაწილების აქტების შესაბამისად, შევჩენკოს ბულვარზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ინვესტორის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობებიდან სამინისტროს საკუთრებაში გადმოეცა საელჩოს შენობა 1407 კვ.მ და შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომზე არსებული 377 კვ.მ-ის ოდენობის ფართი, ხოლო გონჩარის ქუჩა N22-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსიდან ინვესტორს უკრაინის სახელმწიფო საწარმო „მისკბუდინვესტს“ საკუთრებაში გადაეცა აღნიშნულ მისამართზე აშენებული ობიექტი სრულად. შევჩენკოს ბულვარზე საელჩოს განთავსებისათვის საჭირო შენობის მშენებლობა დამთავრებულია 2011 წლის 25 მაისს - 1 წლისა და 5 თვის დაგვიანებით, გონჩარის ქუჩაზე კი 2011 წლის 22 დეკემბერს - ერთი წლის დაგვიანებით. საცხოვრებელი ფართების გადმოუცემლობის შედეგად, სამინისტროს მიერ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საელჩოს სამი თანამშრომელის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე, 2010-2014 წლებში სულ გადახდილია 329 ათასი აშშ დოლარი.

ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ, სამინისტროს მხრიდან რაიმე სახის ღონისძიებები არ გატარებულა, მაშინ როდესაც ინვესტორი ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზარალი.

აღნიშნულ საკითხზე მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

იხ. ვრცლად სრული ანგარიში