სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 29 მაისი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2012 და 2013 წლების შესაბამისობისა და 2013 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

2013 წელს „გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის“ პროგრამაში დამტკიცებულ და დაზუსტებულ ბიუჯეტებს შორის სხვაობა შეადგენდა 30%-ზე მეტს. აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშში ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.

2012-2013 წლებში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით შესყიდვები ხორციელდებოდა გამარტივებული წესით. თუმცა სამუშაოები დაწყებული იქნა ხელშეკრულების გაფორმებიდან მნიშვნელოვანი დაგვიანებით და სრულდებოდა თავდაპირველ ვადებზე გვიან.

დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, უძრავი ქონების გამოსყიდვისა და კომპენსაციის გადახდის პროცედურების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენილ ფოტომასალებზე ასახული უძრავი ქონება არ შეესაბამებოდა კომპენსაციის თანხის განსაზღვრისთვის გამოყენებულ ანალოგს.

საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ზოგიერთ შემთხვევაში შეწყდა წინასწარ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, თანხის ამოწურვის მოტივით. შესაბამისად, ვერ შესრულდა ზამთრის პერიოდის მოვლა-შენახვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა თანხის ვადაზე ადრე ამოწურვის მიზეზების სათანადო დოკუმენტური დასაბუთება.

დეპარტამენტის 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე გაიცა უარყოფითი დასკვნა, რისი ძირითადი საფუძველია შემდეგი:

დეპარტამენტის მიერ უცხოური ვალუტით გამოსახული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები არ არის შეფასებული ანგარიშგების შედგენის თარიღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. შედეგად, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დებიტორული დავალიანებები შეფასებულია 2,464,535 ლარით ნაკლები, ხოლო კრედიტორული დავალიანებები 275,894 ლარით ნაკლები ღირებულებით.

სრული ანგარიში