სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის 2012 და 2013 წლების შესაბამისობისა და 2013 წლის ფინანსური აუდიტი.
როგორც ფინანსური, ასევე შესაბამისობის აუდიტის შედეგად გაიცა პირობითი მოსაზრებები:
აპარატის მიერ 2013 წლის 1 თებერვალს გამოცხადდა ტენდერი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე, სავარაუდო ღირებულებით 9,000 ლარი. ტენდერის პროცესში მიმდინარე ვაჭრობის შედეგად, 2013 წლის 7 თებერვალს დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ღირებულება შეადგენდა 6,000 ლარს. ტენდერი შეწყვეტილია და მიღებულია გადაწყვეტილება აღნიშნული მომსახურების პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის თაობაზე, ასევე ტენდერის საშუალებით. ოქმის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციას. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შეწყვიტოს ტენდერი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ტენდერის მახასიათებლებიდან გამომდინარე კი, მისი შეწყვეტა ფაქტობრივად არ ეფუძნებოდა აპარატისთვის წინასწარ გაუთვალისწინებელ და მისგან დამოუკიდებელ მიზეზებს.
- მინისტრის 2012 წლის 12 აპრილის ბრძანების საფუძველზე, ესპანეთში მივლინების პერიოდში, მინისტრის მოადგილეზე ანაზღაურებულია კავშირგაბმულობის ხარჯი 4,793 ლარის ოდენობით. კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით, მითითებული თანამდებობის პირის მიერ გაწეული ასეთი სახის ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
- კავშირგაბმულობის ხარჯის სახით ჩამოწერილია საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში აპარატის თანამშრომლების მიერ როუმინგით ნასაუბრები დროის ღირებულება. აღნიშნული ღირებულებები ანაზღაურებულია როგორც ამ თანამშრომლებისათვის მობილურ ტელეფონებზე მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ლიმიტების ფარგლებში, აგრეთვე ლიმიტებს ზევითაც. სულ ასეთი სახით ანაზღაურებული თანხა შეადგენს 13,232 ლარს. მათ შორის, ლიმიტს ზევით ანაზღაურებულია 9,885 ლარი. აღნიშნული ხარჯები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
- 2012 წელს რვა შემთხვევაში აპარატის მიერ გაწეულ სარესტორნო მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული შესაბამისი თანხის ხარჯვის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 22,730 ლარი.
