სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2014 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია პირობითი აუდიტორული მოსაზრების გამოსათქმელად საჭირო საფუძვლის შესაქმნელად:
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბუღალტრული აღრიცხვის ცალკეული მუხლების 2014 წლის საწყისი და საბოლოო ნაშთები არსებითი თანხებით არ ედრება 2014 წლის ბალანსის შესაბამისი მუხლების საწყის და საბოლოო ნაშთებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს 2007 წლიდან 2011 წლამდე პერიოდის მივლინების მუხლით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული მოუწესრიგებელი, არასისტემატიზირებული და ბუღალტრულად აღურიცხავი პირველადი დოკუმენტაცია. ამასთან, 2012 წელს ბუღალტრული ანგარიშები არ იქნა დროულად შედგენილი და არ განხორციელდა პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზირება 1,060.6 ათასი ლარის მივლინების მუხლით შესრულებულ ოპერაციებზე.
აღნიშნული საკითხი გამოვლინდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2011-2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტითაც და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 20 ნოემბრიდან დაწყებულია და მიმდინარეობს სამუშაოები „მივლინების“ მუხლით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ბუღალტრულად აღურიცხავი პირველადი დოკუმენტაციის დალაგების, დამუშავებისა და ბუღალტრულ რეგისტრში შესაბამისი გატარებით დარეგისტრირების მიზნით.
2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მივლინების მუხლით რიცხული 3,830.8 ათასი ლარის დებიტორული დავალიანებიდან, 1,420.5 ათას ლარზე ვერ დგინდება ანგარიშვალდებული პირები, ხოლო დანარჩენ 2,410.3 ათას ლარზე - დებიტორული დავალიანების სისრულე და სიზუსტე.
2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის შიგნით“ მუხლზე ირიცხება 637,4 ათასი ლარის, ანგარიშვალდებული პირების მიხედვით გაუშიფრავი კრედიტორული დავალიანების ნაშთი.
ვალდებულებების სინთეზური აღრიცხვის ანგარიშზე ბუღალტრული მონაცემებით, 2014 წლის დასაწყისში, სადებეტო ნაშთად აღრიცხულია 125.7 ათასი ლარი, ხოლო საბოლოო ნაშთად - 125,5 ათასი ლარი, რითაც დარღვეულია „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნები.
