სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს, პოლონეთის უკრაინისა და მოლდოვის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამშრომლობა 22 მაისი, 2015

18-22 მაისს, პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ორგანიზებით, საერთაშორისო  სემინარი გაიმართა ვარშავაში.  სემინარს ესწრებოდნენ  საქართველოს, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის,  სლოვაკეთის რესპუბლიკის, მოლდოვისა და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების უმაღლესი თანამდებობის პირები.  გარდა ამისა,  მოწვეული იყვნენ ექსპერტები ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, IDI-ის, ევროპარლამენტის,  INTOSAI-ისა  და  EUROSAI-ის წარმომადგენლები.

სემინარის მთავარი  მიზანი იყო -  ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანოების მხრიდან გამოცდილების გაზიარება უმაღლესი აუდიტორული ორგანოების განვითარებისა  და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით,  ევროკავშირის  წევრობისკენ  მიმავალ  გზაზე.

სემინარის  ფარგლებში  მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:   ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურა და აუდიტი პოლონეთში;  უმაღლესი აუდიტორული ორგანოების შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლაში და ევროპის  აუდიტორთა  სასამართლოს  მიერ  განხორციელებული  აუდიტები.

სემინარების დაწყებამდე  შედგა ოფიციალური შეხვედრა პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (NIK)   სათავო ოფისში - ლეჰ კაჩინსკის სახელობის სათათბირო დარბაზში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული დელეგაციების ხელმძღვანელი პირები. მათ  ყურადღება  გაამახვილეს   თავიანთი  ოფისების გამოცდილებასა  და ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე. აღნიშნულ სემინარზე  სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია.

სემინარზე  მონაწილეობის მისაღებად   ასევე მიწვეული იყვნენ INTOSAI  IDI-ის  დირექტორი, რომელმაც  კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებს გაუზიარა გამოცდილება გრძელვადიანი  რეგიონალური  განვითარების  პროგრამის იმპლემენტაციასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომლის ბენეფიციარებიც იყვნენ ვიშეგრადის  ჯგუფისა  და ბალტიისპირეთის ქვეყნები. 

აღნიშნული შეხვედრების შემდგომ,  20-22 მაისს გაიმართა სემინარები მონაწილე წევრი ქვეყნების წარმომადგენლობებისათვის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა). სამუშაო შეხვედრებზე  განიხილეს შემდეგი საკითხები: პოლონეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მოწყობისა  და სტრუქტურის გაცნობა და აუდიტის მიდგომები;  უმაღლესი აუდიტორული ოფისის როლი  კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, მისი  მანდატი  და  როლი.  

პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის პრეზიდენტის, კშიშტოფ კვიატკოვსკის ინიციატივა გახლდათ, რომ  ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოსთვის, მოლდოვისა  და უკრაინისთვის ევროკავშირის მოქმედი წევრი ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებს  გაეზიარებინათ ის გამოცდილება, რომელიც  მათ  უკვე დააგროვეს.

 იხ.გალერეა