სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს პარლამენტის აპარატის 2012 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 29 ივლისი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ 2012 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის და 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ფინანსური აუდიტი.

ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის შეუსაბამობები და ხარვეზები. მათგან მნიშვნელოვანია შემდეგი:

2012 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქართველოში არსებული 73 საარჩევნო ოლქის და შესაბამისად ამ ოლქებში განთავსებულ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროებს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით გადაერიცხა 9 082 600 ლარი. აღნიშნული თანხები ბუღალტრულად, ფაქტიური ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, სრულად გატარებულია და აღრიცხულია პარლამენტის როგორც საკასო, ასევე ფაქტიურ ხარჯებში. ბიუროების ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებიდან, არფინანსური აქტივების სახით, შესყიდულია სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობები, მათ შორის, ძირითადი საშუალებები. აღნიშნული მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა, შესყიდულ ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვა და შეძენილი არაფინანსური აქტივების ყოველწლიური სავალდებულო ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა.

საპარლამენტო საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის აგვისტომდე პერიოდში, შესყიდულია 11 509 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობა. აღნიშნული მატერიალური ფასეულობების ღირებულება ბუღალტრულად მიკუთვნებულია და აღრიცხულია ბალანსის შენობა-ნაგებობების მუხლში, მაშინ როცა აღნიშნული მატერიალური ფასეულობების ძირითადი ნაწილი თავისი ფუნქციური დანიშნულებისა და მომსახურების ვადებიდან გამომდინარე, ექვემდებარებოდა ბალანსის მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის მუხლში აღრიცხვას და ცვეთის დარიცხვის განსხვავებული ნორმების გამოყენებას.

წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, პარლამენტის აპარატში 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაოდენობრივად ირიცხება 299 დასახელების სხვადასხვა წლებში საჩუქრების სახით მიღებული მატერიალური ფასეულობა. აღნიშნული მატერიალური ფასეულობა შეფასებული და ბუღალტრულად ბალანსზე აღრიცხული არ არის.

2012-2014 წლებში, მორიგი სამივლინებო ხარჯების ავანსად გაცემა ანგარიშვალდებულ პირებზე, ზოგიერთ შემთხვევებში, განხორციელებულია წინა მივლინებებზე ფაქტიურად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობისა და შესაბამისად, ძველი სამივლინებო ანგარიშების დახურვის გარეშე.

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის თბომომარაგება ხორციელდება ქ. თბილისში ნიაღვრის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსებული საქვაბიდან. ამ მისამართზე მდებარე მიწა და საქვაბის შენობა ბუღალტრულად პარლამენტის ბალანსზე აღრიცხული არ არის. აღნიშნული საქვაბიდან პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის თბომომარაგებასთან ერთად ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, უსასყიდლოდ ხორციელდება პარლამენტის შენობის მიმდებარედ არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გათბობაც.

სრული ანგარიში