სახელწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი.
აუდიტით გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები და შიდა კონტროლის სისუსტეები, კერძოდ:
- ბალანსში ზედმეტად არის წარმოდგენილი ძირითადი აქტივების საწყისი ნაშთის მუხლი შენობა-ნაგებობების ნაწილში - 222,042 ლარით, ხოლო საბოლოო ნაშთი - 224,977 ლარის ოდენობით. აღნიშნული უზუსტობები გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: სამინისტროს არ განუხორციელებია თბილისში, ჯიქიას ქ. N18-ში არსებულ შენობაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე 2012-13-14 წლებში 3,7001 კვ.მ-ის საერთო ფართობის გასვლის (ჩამოწერის) სააღრიცხვო რეგისტრაცია, რომელიც პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცათ დევნილ ოჯახებს და საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მათ სახელზე. ასევე, არ არის ჩამოწერილი და ფინანსურ ანგარიშგებაშია ასახული ფიზიკურად არარსებული, უკვე დემონტირებული „საგენერატორო შენობა“.
- სარგებლობაში გადაცემული ფართობიდან - 564 კვ.მ. არარისასახული ბალანსზე, რითაც არ არის უზრუნველყოფილი აქტივების აღრიცხვის სისრულე.
- 585.5 კვ.მ-ს იყენებს ყოველგვარი სამართლებრივი დამაგრების გარეშე.
- სამინსტროს მიერ 2014 წლის ნაერთი ფინანსური ანგარიშგების „სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნების“ საწყის ნაშთში არ არის აღრიცხული 3,156 ლარის, ხოლო წლის ბოლოს ნაშთში - 732,906 ლარის დებიტორული დავალიანებები. ასევე ბალანსის ხვა მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებების მუხლში სამინისტრო არ ასახავდა მომწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვნად შესრულებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმების და სანქციების თანხებს, რომლის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა - 3,999,508 ლარი. ნაერთი ანგარიშგების „მომუშავეების მიმართ მოთხოვნების“ ანგარიშის წლის ბოლოს აღრიცხული ნაშთი კი - 3,590 ლარით ნაკლები თანხით უნდა იყოს წარდგენილი.
- არასწორად არის პერიოდზე მიკუთვნებული და შესაბამისად აღიარებული 308,829 ლარის „სხვადასხვა კაპიტალური“ ხარჯები. 2013 წელს განხორციელებული „დევნილთა რეგისტრაციის პროგრამის“ ფარგლებში „ქვეყნის შიგნით მივლინებების“ მუხლით გაწეული ფაქტობრივი ხარჯები 297,217 ლარის ოდენობით, რომელიც მიეკუთვნება 2013 წელს, ხარჯად აღიარდა დაგვიანებით 2014 წელს და ისიც მხოლოდ 275,557 ლარის ოდენობით. დარჩენილი სხვაობის თანხის - 21,660 ლარის ფაქტობრივი ხარჯი, აუდიტის პერიოდის ბოლო ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული ფინანსურ ანგარიშგებაში.
- ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამივლინებო ხარჯების აუდიტით გამოვლინდა, რომ გადახდილი საბიუჯეტო სახსრებიდან 6,310 ლარი არის ნორმატიულ აქტთან შეუსაბამოდ, ზედმეტად ანაზღაურებული თანხა, ხოლო 1,167 ლარი არამიზნობრივი და არაეფექტიანი ხარჯია.
- 2014 წლის განმავლობაში შპს „გრიფინი+“ ახორციელებდა სამინისტროს სისტემისა და მის მიერ რეაბილიტირებული ობიექტების დაცვის მომსახურებას. აუდიტით გამოვლინდა, რომ თავდაპირველად დაცვის მომსახურების შესასყიდად გამოცხდებული ელ. ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდა და უმცირესი ფასი წარმოადგინა შპს „დაცვის სამსახურმა მგლებმა“, შეწყდა დაუსაბუთებელი მიზეზით. შესადარისი ინფორმაციის „ექვივალენტურობის“ პირობით, აუდიტის ჯგუფმა დაადგინა, რომ აღნიშნულ მომსახურებაზე შპს „დაცვის სამსახურის მგლების“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მიხედვით, სამინისტროს შეეძლო 195,566 ლარით ნაკლები ხარჯი გაეწია.
- 2013 წელს ააიპ „Georgian investment group”-თან გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანია დევნილთათვის საცხოვრებელი სახლებისა და მასთნ დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისათვის, სამინისტროს გადასცემდა გრანტის სახით - 487,500,000 ლარს. კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სამინისტრომ 2014 წელს შეუწყვიტა ხელშეკრულება და სასარჩელო განცხდებით მიმართა სასამართლოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ ნაერთ ფინანსურ ანგარიშგებაში, კერძოდ, ბალანსის საცნობარო მუხლში ასახული არ აქვს - 488,074,000 ლარის პირობით აქტივები.
