სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს მთავრობის კანცელარიის (2014 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის) 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტის ანგარიში 30 ოქტომბერი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (2013 წელს - კანცელარიის) 2013-2014 წლების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

2013 და 2014 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ არ არის ჩატარებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაცია, რითაც დარღვეულია ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ მაინც. აუდიტით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში, ჩვენ ვერ მივიღეთ საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები 2013 და 2014 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსში წარმოდგენილი ანგარიშების ,,მოთხოვნები საქონლის და მომსახურების მიღებაზე წინასწარი გადახდებით“ - 4,680 ლარი, „მომუშავეთა მიმართ მოთხოვნები“ - 10,189 ლარი და „სხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები“ - 1,254 ლარი ნაშთების სიზუსტისა და სისრულის შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსურ ანგარიშგებაში არასრულად და არაზუსტად არის წარმოდგენილი ძირითადი აქტივების მუხლი. ბალანსში არ არის ასახული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წერილების შესაბამისად, 2014 წლის 11 თებერვალს საჯარო რეესტრში სარგებლობის უფლებით დარეგისტრირებული ქ.თბილისში, გიორგი ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ასევე, არ არის ასახული ერთი წლის ვადით ქ.თბილისში სარგებლობის უფლებით დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო ფართი (1,056 კვ.მ) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. ამასთან, 2014 წლის თებერვალში ქ. თბილისში, ლეონიძის N3-ში მდებარე ზემოთ ხსენებული ფართის ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციამ, შესაბამისი ბუღალტრული ჩანაწერების გარეშე, დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადასცა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს. მთავრობის ადმინისტრაციას აღნიშნული ქონების შეფასება და ბალანსზე აყვანა არ განუხორციელებია. ზემოხსენებული ქონება და ქონების ნაწილის სხვა ორგანიზაციებზე გადაცემა ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერულ პროგრამაში ასახულია ნატურალურ ერთეულებში - ღირებულების გარეშე, რაც არ შეესაბამება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნებს.

2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივები წარმოდგენილია 42,009 ლარით გაზრდილად, ხოლო ხარჯები „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მუხლში - ამავე თანხით შემცირებულად, რაც გამოწვეულია 241 ერთეულ ძირითად აქტივზე ცვეთის გამორჩენით და არ შეესაბამება „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოთხოვნებს.

ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოთხოვნების მიუხედავად, ფორმა N6 წარდგენილია არამართებულად. კერძოდ, სატრანპორტო საშუალებების თითოეული ჯგუფის მიხედვით არ არის წარმოდგენილი საანგარიშო პერიოდში გაწეული საკასო და ფაქტობრივი ხარჯი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2015 წლის წერილის თანახმად, აღნიშნული შეუსაბამობა აღმოფხვრილია.

2014 წელს სოციალური ქსელის „Facebook”-ის მეშვეობით სარეკლამო მომსახურების ხარჯმა შეადგინა 15,402 ლარი. „Facebook“-ის სარეკლამო მომსახურება წარმოადგენს არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისთვის გაწეულ მომსახურებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ექვემდებარებოდა დღგ-ით უკუდაბეგვრას, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსურ ანგარიშგებაში არაზუსტად არის წარმოდგენილი საგადასახადო ვალდებულებების მუხლი.

სრული ანგარიში