სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2011-2012-2013 და 2014 წლების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის აუდიტი.
ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:
2011 და 2012 წელს, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების მუხლიდან, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების საფუძველზე, გაცემულია - შესაბამისად, 567,050 ლარის და 84,960 ლარის პრემიები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებებში წარმოდგენილი საფუძვლები არ შეესაბამება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ მიხედვით „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენ მიმდინარე ხარჯების“ მუხლით გათვალისწინებულ გაცემებს;
2011, 2012 და 2014 წლებში სოციალური ქსელის „Facebook”-ის სარეკლამო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გადახდილია - შესაბამისად, 109,809, 60,897 და 15,402 ლარი, რომელიც წარმოადგენს არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ექვემდებარებოდა დამატებული ღირებულების გადასახადით უკუდაბეგვრას, რაც არ განხორციელებულა;
2012 წელს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტში, სარეზერვო ფონდების გარდა, შექმნილი იქნა სარეზერვო ფონდის მსგავსი ფონდი (კოდი 49.12), საიდანაც პრემიებზე და ჯილდოებზე გაწეულია 4,292,320 ლარის ხარჯები. აღნიშნული კოდიდან ასიგნებების ფორმალურ განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ფაქტობრივ განმკარგავს - მთავრობის კანცელარია. ამასთან, მთავრობის კანცელარიის 2012 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული კოდით განხორციელებული ხარჯები ასახული არ არის;
2012 წელს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სამსახურების არაეფექტური მუშაობის შედეგად, ქ. თბილისში, ათონელის ქუჩის ნომერ 25-ში მდებარე პრემიერ-მინისტრის ოფისის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად გატარებული ღონისძიებებით, დაგეგმილ ვადაში ვერ დასრულდა სამშენებლო სამუშაოები. შედეგად, 2012 წლის 31 დეკემბრისათვის, კანცელარიის ბალანსზე დასრულებული შენობის ნაცვლად ერიცხებოდა 13,463,597 ლარის ღირებულების დებიტორული დავალიანება შპს ,,არტესის“ მიმართ და 3,108,478 ლარის დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი;
2012 წლის ივლისი-ოქტომბრის თვეებში, კანცელარიის მიერ ადგილი ჰქონდა საწვავის ხარჯვას იმ მოცულობით, რომელიც სცილდებოდა ნორმებისა და გონივრულობის ფარგლებს და წარმოადგენდა საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ და არამიზნობრივ ხარჯვას.
2012 წელს კანცელარიის არაგონივრული ქმედებების შედეგად, ავტომანქანის შეძენის საჭიროების არარსებობის პირობებში, ავტომანქანების ჩანაცვლებაზე გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვას. გარდა ამისა, აღნიშნულ საანგარიშგებო პერიოდში ავტომომანქანის შესყიდვისას არ იყო გათვალისწინებული „შესყიდვების ობიექტის აღწერასთან დაკავშირებით“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის რეკომენდაცია.
