სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი 05 დეკემბერი, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2011 -2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტი განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და გაიცა პირობითი დასკვნა. იქიდან გამომდინარე, რომ შესწავლილ  იქნა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი  მასალებიც,  ანგარიში მოიცავს როგორც საიდუმლო, ისე  -  არასაიდუმლო ნაწილს.

არასაიდუმლო მასალების შესწავლისას  გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები:

2011 წლის 30 დეკემბერს, იუსტიციის სახლების დაფინანსების მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ და სსიპ -სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებს გამოეყო 30 მლნ. ლარი (თითოეულს - 15 მლნ. ლარი), რომელთაც ნება დაერთოთ აღნიშნული სახსრები გადაერიცხათ კომერციულ ბანკში გახსნილ კუთვნილ ანგარიშებზე.

აღნიშნილი პერიოდისთვის, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით,  სსიპ - სამოქალაქო რეესტრსა და სსიპ - საჯარო რეესტრს იმავე მიზნების განსახორციელებლად  უკვე დამტკიცებული ჰქონდა 15 – 15 მლნ. ლარი.

2012 წლის თებერვალში, სსიპ - სამოქალაქო რეეტრის მიერ 10 მლნ. ლარი და სსიპ -საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 15 მლნ. ლარი აღდგენილ იქნა ისევ „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში“.  აღნიშნული ოპერაციით 2011 წლის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხები გადავიდა 2012 წლის ბიუჯეტში.

დაუსაბუთებელია ამგვარი ცვლილებებისა და ტრანზაქციების განხორციელების აუცილებლობა 2011 წლის ბოლოს, მაშინ როდესაც, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, ისედაც იყო გათვალისწინებული ორივე სსიპ-სთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები. აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო სისტემის ყოვლისმომცველობის, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებს.

ინვენტარიზაცია

სამინისტროს არ განუხორციელებია ბოლო წლებში ქონებისა და მოთხოვნა/ვალდებულებების ინვენტარიზაცია. შესაბამისად, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროს 2009-2010 წლებში გადმოცემული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ფაქტობრივი მოსარგებლეები დაუსაბუთებელია. კერძოდ:

  • ქ. თერჯოლაში,  რუსთაველის ქუჩაზე მდებარე  2-სართულიანი შენობა- ნაგებობა;
  • ქ.ხაშურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე 763 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - 455 კვ.მ, ავტოფარეხი - 225,39 კვ.მ.
  • ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე  ორსართულიანი შენობა, საერთო ფართობით  - 670.2 კვ.მ.
  • ქ.თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  მდებარე   ორსართულიანი შენობა - 1,192,9 კვ.მ.
  • ქ.ფოთში, ლოლუას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი – 1810 კვ.მ,  თავისი შენობა-ნაგებობით - 853,7 კვ.მ.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია